Thursday, December 13, 2012

სწრაფი კვება და ჯანმრთელობა



   ვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.
  თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასთ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვე როგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს? მხედველობაში მიიღეთ, რომ ფასთ ფუდს ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმის გამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, აზრი არ აქვს.
   ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებში მოქმედებს ბავშვებისთვის განკუთვნილ ფასტ ფუდზე ამრძალავი რეკლამა. და ეს სწორიც არის, რადგან ბავშვები არიან ყოველივე მიმზიდველის, მაცდუნებლისა და... მავნებლის მთავარი "დამფასებლები". ამიტომ უნდა შეიარაღდეთ სწრაფი კვების მეგაკორპორაცი-ებისთვის დამახასიათებელი ხერხებით - მოამზადეთ საუზმე ბავშვებისთვის საკმაოდ მიმზიდველად, ისე, რომ მან დაჩრდილოს ყველა სახის ჰამბურგერი, ჰოთდოგი, ჩისბურგერი და ა.შ. მაგალითად, გაჭერით შუაზე გემრიელი და გარეგნულად მიმზიდველი ფუნთუშა ან საბუტერბროდე პური, მოამზადეთ მრავალფეროვანი შიგთავსი: მწვანე სალათის ფოთოლი, პამიდორი, ბულგარული წიწაკა, უცხიმო ხაჭო ან ყველი (სულგუნიც შეიძლება). შიგთავსის შემადგენლობა შეიძლება ცვალოთ (თხლად შემწვარი კატლეტით ან თხლად დაჭრილი მოხარშული ხორცით), მთავარია მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს, რომ მასზე ვერც დიდმა და მით უმეტეს ვერც პატარამ უარის თქმა ვერ შეძლოს. ბავშვიც ხალისიანად მიირთმევს "შინაურ ჰამბურგერს", თქვენც გეცოდინებათ, რომ იგი ყველაფერ სასარგებლოს შეიცავს და რაც მთავარია, ბავშვის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.
    ვიკვებოთ სწრაფად... დიახ, შეგვიძლია ვიკვებოთ სწრაფად და ამავე დროს ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. ეს შესაძლებელია, მთავარია დავიცვათ რამდენიმე წესი. არ უნდა გამოვიყენოთ არანაირი მყარი ცხიმი, შევამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა, მივიღოთ მეტი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ცხიმები და მარცვლოვანი კულტურები. თქვენ და თქვენს შვილს გიყვართ შაურმა? მოამზადეთ ე.წ. პიტა შემდეგი შიგთავსით: ყველი, მწვანილი და ბოსტნეული. ეს "კონვერტი" რამდენიმე წუთით მოათავსეთ მიკროტალღოვან ღუმელში ან ტაფაზე, რომელსაც მჭიდროდ თავდახურულს დადგამთ ძალიან ნელ ცეცხლზე. რამდენიმე წუთში კი... თითებს ჩაიკვნეტთ. "ჰამბურგერი" შავი პურითაც (ფუნთუშას ნაცვლად) არანაკლებ მადისაღმძვრელად გამოიყურება, კატლეტი შეგიძლიათ შეცვალოთ მოხარშული ხორცით ან თევზით, დაუმატეთ პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთლები და გოგრის თესლი. კიდევ ერთი საგულისხმო რეცეპტი: მოხარშული მწვანე ლობიო, პომიდორი და ყველის დაჭრილი ულუფები მოათავსეთ ტაფაზე, რომელიც დაფარული იქნება მცენარეული ზეთით, ყველაფერ ამას ზემოდან მოასხით ათქვეფილი კვერცხი. ხუთი წუთი და "ჯანმრთელი" კერძი მზად იქნება! სწრაფი კვების პროდუქტებში თითქმის ყოველთვის ფიგურირებს პომიდორი, რომელიც ვიტამინებით მდიდარია, ძალზე სასარგებლოა და ამასთანავე შეუძლია მავნე ჩვევისგან გაგვათავისუფლოს. როგორც აღმოჩნდა, პომიდორი და ზოგიერთი სხვა ბოსტნეული (კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა) მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. მეცნიერები თვლიან, რომ თუ ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება ეს მჟავა, მოწევის სურვილი მცირდება ან საერთოდ ქრება. ასე რომ, თუ გსურთ მოწევას თავი დაანებოთ, მოიმარაგეთ გემრიელი და მწიფე პომიდორი და აქტიურად გამოიყენეთ ის სწრაფი კვების პროდუქტებში. სწრაფი კვებაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ.

No comments:

Post a Comment